საქართველოს პარლამენტმა 2019 წლის 19 თებერვალს მიიღო “შრომის უსაფრთხოების შესახებ” ახალი ორგანული კანონი

 საქართველოს პარლამენტმა 2019 წლის 19 თებერვალს მიიღო “შრომის უსაფრთხოების შესახებ” ახალი ორგანული კანონი. აქამდე მოქმედი “შრომის უსაფრთხოების შესახებ” კანონი ძალადაკარგულად გამოცხადდა. ამასთან, შეიცვალა კანონის სტატუსი და მიღებული კანონი გახდა უფრო მაღალი იერარქიის ორგანული კანონი.

2019 წლის 1 სექტემბრიდან, მომეტებული საფრთხის მქონე, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების ნუსხაში მყოფ კომპანიების გარდა, კანონი გავრცელდება ეკონომიკური საქმიანობის ყველა დარგის კომპანიებზე.

ახალი ორგანული კანონით განისაზღვრა ჩამონათვალი, რომელიც უნდა შეიმუშავოს და დაამტკიცოს საქართველოს მთავრობამ:

▶️ სამუშაო ადგილზე ინდივიდუალური დაცვის საშუალებებისა და სამუშაო მოწყობილობების გამოყენებისას უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალური მოთხოვნები;
▶️ მონიტორიან დანადგარებთან მუშაობისას და დროებით ან მოძრავ სამშენებლო უბნებზე უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალური მოთხოვნები;
▶️ სამუშაო ადგილზე უსაფრთხოების ან/და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული ნიშნების განთავსების მიზნით დასადგენი მინიმალური მოთხოვნები;
▶️ სამუშაო ადგილზე აზბესტის, კანცეროგენების, მუტაგენებისა და ბიოლოგიური აგენტების ზემოქმედებასთან დაკავშირებული რისკებისაგან დასაქმებულთა დაცვა;
▶️ სამუშაო ადგილზე ფიზიკური აგენტებით (ვიბრაციით, ხმაურით, ელექტრომაგნიტური ველით, ხელოვნური ოპტიკური რადიაციით) გამოწვეული პოტენციური რისკის წინაშე დასაქმებულების დაყენებასთან დაკავშირებით უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალური მოთხოვნები;
▶️ მიწის ზედაპირზე და მიწის ქვეშ, აგრეთვე ბურღვის მეშვეობით მინერალების მოპოვების ინდუსტრიებში დასაქმებულთა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მოთხოვნები;
▶️ სამუშაო ადგილზე ქიმიური, ფიზიკური და ბიოლოგიური აგენტების ზემოქმედებით გამოწვეული რისკებისაგან, აგრეთვე ქიმიურ აგენტებთან და ქიმიურ ნივთიერებებთან დაკავშირებული რისკებისაგან დასაქმებულთა დაცვა;
▶️ ფეთქებადი ატმოსფეროს გამო პოტენციური რისკის ქვეშ მყოფ დასაქმებულთა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის გაუმჯობესების მიზნით დასადგენი მინიმალური მოთხოვნები;
▶️ ტვირთის ხელით აწევისას უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალური მოთხოვნები.