შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტებული პროგრამის მოცულობის, განხორციელების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება № 01-81/

2021 წლის 13 სექტემბერი

. თბილისი

“შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტირებული პროგრამის მოცულობის, განხორციელების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ ” საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 13 ოქტომბრის  №01-25/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებსაქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტებული პროგრამის მოცულობის, განხორციელების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებსაქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 13 ოქტომბრის №01-25/ ბრძანებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული №1 დანართი (,,შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტებული პროგრამის მოცულობა, განხორციელების წესი და პირობები“) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს 2021 წლის 10 ოქტომბრიდან.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი:
ეკატერინე ტიკარაძე

 დანართი №1

შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტებული პროგრამის მოცულობა, განხორციელების წესი და პირობები

თავი I

ზოგადი დებულებანი

მუხლი 1. მოქმედების სფერო და ფარგლები

  1. შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტებული პროგრამის მოცულობა, განხორციელების წესი და პირობები (შემდგომში – წესი) ადგენს შრომის უსაფრთხოების მიმართულებით არსებული სასწავლო პროგრამის მინიმალურ სტანდარტებს, მისი განხორციელების პროცედურებს, შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის სწავლების განმახორციელებელი ორგანიზაციისთვის დადგენილ სავალდებულო წესებსა და სწავლების განმახორციელებელ პირთა საკვალიფიკაციო გამოცდისა და პროგრამის მსმენელთა სასერტიფიკატო გამოცდის ჩატარების მიზნით შერჩეული საგამოცდო ცენტრის (შემდგომში – საგამოცდო ცენტრი) საქმიანობის პროცედურებს.
  2. შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მომზადების პროგრამის მიზანია „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად, 7 მოამზადოს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი და მოახდინოს მისთვის საჭირო კომპეტენციების განვითარება, ორგანიზაციაში დასაქმებულთა შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფის მიზნით.
  3. გარდა ამ წესით დადგენილისა, პირს, შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის კვალიფიკაცია, ასევე, შესაძლებელია, მიენიჭოს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ავტორიზებული საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ, პროფესიული ან/და უმაღლესი განათლების ფარგლებში განხორციელებული ისეთი სასწავლო პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაშიც, (გარდა ფორმალური განათლების ფარგლებში შემუშავებული პროფესიული გადამზადების მოკლევადიანი (1 წელზე მცირე) პროგრამებისა), რომლებიც პირდაპირ კავშირშია სამუშაო სივრცეში შრომის უსაფრთხოების დაცვასთან.
  4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, განისაზღვრება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

  1. შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი – დამსაქმებლის მიერ დანიშნული/მოწვეული შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირი, რომელიც შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევის პრევენციის მიზნით, უზრუნველყოფს ორგანიზაციაში შრომის უსაფრთხოების ღონისძიებების დანერგვასა და მართვას.
  2. აკრედიტებული ორგანიზაცია – სწავლების განმახორციელებელი ორგანიზაცია, რომელსაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – შრომის ინსპექციის სამსახურთან (შემდგომში – შრომის ინსპექცია) არსებული აკრედიტაციის კომისიის (შემდგომში – აკრედიტაციის კომისია) მიერ მინიჭებული აქვს აკრედიტებული პროგრამის განხორციელების უფლება, ასევე საგამოცდო ცენტრი, რომელსაც აკრედიტაციის კომისიის მიერ მინიჭებული აქვს უფლება ჩაიბაროს საკვალიფიკაციო/სასერტიფიკატო გამოცდა.
  3. აკრედიტებული პროგრამა – ამ ბრძანების შესაბამისად შედგენილი პროგრამა, რომელიც მოიცავს ამ ბრძანებით გათვალისწინებულ სავალდებულო პრაქტიკულ და თეორიულ მოდულებს მიმართულებების მიხედვით (სასწავლო კომპონენტი), რომელის გავლა უნდა დადასტურდეს შესაბამისი სასერტიფიკატო გამოცდის ჩაბარების გზით (საგამოცდო კომპონენტი).
  4. შრომის უსაფრთხოების საერთაშორისო სერტიფიკატის მფლობელი პირი – სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციების ნებართვის მფლობელ ორგანიზაციაში შრომის უსაფრთხოების მიმართულებით სერტიფიცირებული პირი (გარდა დისტანციური სასწავლო პროგრამებისა).
  5. აკრედიტებული სპეციალური პროგრამა – შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მომზადების აკრედიტებული სპეციალური პროგრამა, რომელიც განკუთვნილია შრომის უსაფრთხოების საერთაშორისო სერტიფიკატის მფლობელი პირისთვის.
  6. სრული აკრედიტებული პროგრამა – აკრედიტებული პროგრამა, რომელიც ამ წესით დადგენილი ყველა სავალდებულო მოდულის გავლისა და სათანადო გამოცდის ჩაბარების შედეგად ითვალისწინებს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის კვალიფიკაციის მინიჭების შესაძლებლობას ნებისმიერი სექტორული მიმართულებით.
  7. აკრედიტებული პროგრამა დაბალი და საშუალო რისკის ობიექტებზე – აკრედიტებული პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მომზადებას ყველა სექტორში, გარდა „მომეტებული საფრთხის შემცველი, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების ჩამონათვალის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 27 ივლისის №381 დადგენილებით განსაზღვრული სამუშაოების ჩამონათვალისა.
  8. სწავლების განმახორციელებელი ორგანიზაცია – დაწესებულება, რომელიც ახორციელებს ამ წესით 7 გათვალისწინებული აკრედიტებული პროგრამ(ებ)ის სასწავლო კომპონენტის სწავლებას და აღნიშნული პროგრამის განხორციელების უფლება მინიჭებული აქვს აკრედიტაციის კომისიის მიერ.
  9. სტატუსის მაძიებელი – ორგანიზაცია, რომელმაც გააკეთა განაცხადი შრომის ინსპექციაში, სურს სწავლების განმახორციელებელი ორგანიზაციის სტატუსის მიღება, თუმცა ჯერ არ აქვს მინიჭებული სწავლების განმახორციელებელი ორგანიზაციის სტატუსი.
  10. სწავლების განმახორციელებელი პირი – ფიზიკური პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს და შესაბამისი საკვალიფიკაციო გამოცდით დადასტურებული აქვს საკუთარი კვალიფიკაცია.
  11. პარტნიორი საწარმო/ორგანიზაცია – პრაქტიკის განმახორციელებელი პირის სპეციალური სტატუსი, რომელიც მას მიენიჭება ამ წესით გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ.
  12. საგამოცდო ცენტრი – შრომის ინსპექციის სტრუქტურული ერთეული ან აკრედიტაციის კომისიის მიერ ღია კონკურსის საფუძველზე შერჩეული ორგანიზაცია, რომელშიც შესაძლებელია სწავლების განმახორციელებელ პირთა საკვალიფიკაციო გამოცდისა და პროგრამის მსმენელთა სასერტიფიკატო გამოცდის ჩაბარება.
  13. მოდული – ამ წესის №1 და №2 ცხრილებით განსაზღვრული ან დამოუკიდებლად შემუშავებული სასწავლო კომპონენტი, რომელიც აერთიანებს ერთმანეთთან ლოგიკურად დაკავშირებულ საკითხებს და ამ წესის შესაბამისად მიჩნეულია საკმარისად, კონკრეტული სექტორული მიმართულებით შესაბამისი ცოდნის მისაღებად.
  14. სწავლების გამოცდილება – პირის მიერ სწავლების განხორციელება არაუმცირეს 100 აკადემიური საათისა 1 წლის განმავლობაში, სადაც არ მოიაზრება დასაქმებულთათვის ჩატარებული ინსტრუქტაჟები.
  15. აკადემიური საათი – ამ ბრძანების მიზნებისთვის აკადემიური საათი ნიშნავს არანაკლებ 40 ასტრონომიულ წუთს.
  16. სერტიფიცირებული პირი – პირი, რომელსაც აკრედიტებულ ორგანიზაციაში აქვს გავლილი ამ წესით გათვალისწინებული რომელიმე აკრედიტებული პროგრამა(ები) და გამოცდის წარმატებით ჩაბარების შედეგად მიღებული აქვს შესაბამისი სერტიფიკატი.
  17. პროგრამის მსმენელი – პროფესიული ან/და უმაღლესი განათლების მქონე პირი, რომელიც რეგისტრირებულია სწავლების განმახორციელებელ ორგანიზაციაში აკრედიტებული პროგრამის სასწავლო მოდულების გავლის მიზნით.

თავი II

შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის პროგრამის აკრედიტაცია და მიმართულებები

მუხლი 3. აკრედიტებული პროგრამის სასწავლო კომპონენტის ძირითადი მიმართულებები

  1. შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მომზადების აკრედიტებული პროგრამა შეიძლება განხორციელდეს სრული აკრედიტებული პროგრამის, აკრედიტებული პროგრამის დაბალი და საშუალო რისკის ობიექტებზე ან აკრედიტებული სპეციალური პროგრამის სახით.
  2. შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის კვალიფიკაციის მისანიჭებლად აუცილებელი წინაპირობაა მსმენელის მიერ აკრედიტებული პროგრამის გავლა შესაბამისი მიმართულებით და სასერტიფიკატო გამოცდის ჩაბარება.
  3. პირები, რომლებსაც გააჩნიათ შრომის უსაფრთხოების მიმართულებით არანაკლებ სამწლიანი სამუშაო გამოცდილება, თავისუფლდებიან სასწავლო კომპონენტის გავლისაგან და მათზე სერტიფიკატი გაიცემა მხოლოდ სასერტიფიკატო გამოცდის ჩაბარების შედეგად.
  4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ პირებზე ვრცელდება ყოველ 3 წელში ერთხელ სასერტიფიკატო გამოცდის ჩაბარების ზოგადი წესი.

მუხლი 4. სრული აკრედიტებული პროგრამა

  1. სრული აკრედიტებული პროგრამა არის შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მომზადების არანაკლებ 230-აკადემიურსაათიანი პროგრამა (განისაზღვრება №1 ცხრილის შესაბამისად), რომლის დასრულებისა და სასერტიფიკატო გამოცდის ჩაბარების შემდგომ, პირს ენიჭება უფლება განახორციელოს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის ფუნქცია-მოვალეობები, ყველა იმ ეკონომიკური/არაეკონომიკური საქმიანობის სექტორში, რაც გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
  2. სრული აკრედიტებული პროგრამის სასწავლო კომპონენტი მოიცავს ამ ბრძანების №1 ცხრილით გათვალისწინებული მოდულების ერთობლიობას (230 საათი), საიდანაც არანაკლებ 133 აკადემიური საათი ეთმობა თეორიულ, ხოლო არანაკლებ 97 აკადემიური საათი პრაქტიკულ სწავლებას (სწავლების განმახორციელებელი ორგანიზაციის ინიციატივის საფუძველზე, შესაძლებელია პროგრამის მოცულობის გაზრდა).

მუხლი 5. აკრედიტებული პროგრამა დაბალი და საშუალო რისკის ობიექტებზე

  1. აკრედიტებული პროგრამა დაბალი და საშუალო რისკის ობიექტებზე ითვალისწინებს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მომზადებას ყველა იმ ობიექტისათვის, რომელიც არ შედის მომეტებული საფრთხის შემცველი, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების ჩამონათვალში და სათანადო სასერტიფიკატო გამოცდის ჩაბარებას.
  2. აკრედიტებული პროგრამა დაბალი და საშუალო რისკის ობიექტებზე (სასწავლო კომპონენტი) არის არანაკლებ 148-საათიანი პროგრამა, რომელიც მოიცავს ამ ბრძანების №1 ცხრილით განსაზღვრულ ზოგად მოდულებს სრულად (108 აკადემიური საათი) და თემატურიდან შემდეგ მოდულებს: შრომის უსაფრთხოება მომსახურების/სერვისის სექტორში (20 აკადემიური საათი) და შრომის უსაფრთხოება სამედიცინო სფეროში (20 აკადემიური საათი). სწავლების განმახორციელებელი ორგანიზაციის ინიციატივის საფუძველზე, შესაძლებელია პროგრამის მოცულობის გაზრდა.
  3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი მოდულები მსმენელს შეუძლია გაიაროს სრული აკრედიტებული პროგრამის მსმენელებთან ერთად.
  4. ამ მუხლით გათვალისწინებული პროგრამის სასწავლო კომპონენტის დასრულების შემდეგ, მსმენელი ჩააბარებს სასერტიფიკატო გამოცდას, რომელიც განკუთვნილია შრომის უსაფრთხოების სპეციალისტისათვის დაბალი და საშუალო რისკის ობიექტებზე. სასერტიფიკატო გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდგომ მსმენელი მიიღებს სერტიფიკატს, ამ ბრძანებით დადგენილი წესის “შესაბამისად, მითითებით – „დაბალი და საშუალო რისკის ობიექტებზე.
  5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სერტიფიკატის მფლობელი პირის დასაქმება დაუშვებელია მომეტებული საფრთხის შემცველ, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე/ობიექტებზე.

მუხლი 6. სპეციალური პროგრამა

  1. შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მომზადების სპეციალური აკრედიტებული პროგრამის გავლის უფლება აქვს შრომის უსაფრთხოების საერთაშორისო სერტიფიკატის მფლობელ პირს (გარდა დისტანციური სწავლების პროგრამების საფუძველზე მიღებული სერტიფიკატისა).
  2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირები თავისუფლდებიან სრული სასწავლო პროგრამის გავლის ვალდებულებისაგან და მათ უფლება აქვთ საერთაშორისო პროგრამასთან ერთად გაიარონ ამ წესის №2 ცხრილით გათვალისწინებული სპეციალური სასწავლო პროგრამის სასწავლო კომპონენტი და ჩააბარონ სასერტიფიკატო გამოცდა სპეციალური სასწავლო პროგრამის ნაწილში.
  3. სპეციალური აკრედიტირებული პროგრამის სასწავლო კომპონენტი არის არანაკლებ 200-საათიანი პროგრამა, რომელიც მოიცავს ამ ბრძანების №2 ცხრილით განსაზღვრულ მოდულებს, საიდანაც არანაკლებ 105 აკადემიური საათი ეთმობა თეორიულ, ხოლო არანაკლებ 95 აკადემიური საათი პრაქტიკულ სწავლებას (სწავლების განმახორციელებელი ორგანიზაციის ინიციატივის საფუძველზე, შესაძლებელია პროგრამის მოცულობის გაზრდა).
  4. აკრედიტებული სპეციალური პროგრამის დასრულებისა და სასერტიფიკატო გამოცდის ჩაბარების შემდგომ, პირს ენიჭება უფლება განახორციელოს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის ფუნქციამოვალეობები, ყველა იმ ეკონომიკური/არაეკონომიკური საქმიანობის სექტორში, რაც გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
  5. იმ შემთხვევაში თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირებს, მიღებული აქვთ სერტიფიკატი 2019 წლის 10 დეკემბრამდე, მათ უფლება აქვთ 2019 წლის 10 დეკემბრიდან არაუგვიანეს 3 წლისა, მოახდინონ საკუთარი ცოდნისა და უნარების სასერტიფიკატო გამოცდის გზით დადასტურება, ამ წესით გათვალისწინებული სპეციალური პროგრამის ნაწილში.
  6. აკრედიტებული სპეციალური პროგრამის განხორციელების უფლება შეიძლება მიენიჭოს ორგანიზაციას, რომელიც:

ა) ფლობს სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაცი(ებ)ის სათანადო უფლებას პროგრამის განხორციელების თაობაზე, თავისი საქმიანობა სპეციალური პროგრამის ნაწილში შესაბამისობაში აქვს ამ წესის მოთხოვნებთან და აკრედიტაციის კომისიის მიერ მიენიჭებული აქვს სპეციალური პროგრამის სასწავლო კომპონენტის განხორციელების უფლება;

ბ) არ აქვს სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაცი(ებ)ის მიერ მინიჭებული უფლება პროგრამის განხორციელების თაობაზე, თუმცა აქვს სწავლების განმახორციელებელი ორგანიზაციის სტატუსი და შრომის ინსპექციაში წარადგენს იმ პროგრამის მსმენელთა სიას, რომელთაც სურთ აკრედიტებული სპეციალური პროგრამის გავლა.

თავი III

სწავლების განმახორციელებელი ორგანიზაცია

მუხლი 7. სწავლების განმახორციელებელი ორგანიზაცია

  1. სწავლების განმახორციელებელი ორგანიზაცია არის აკრედიტირებული ორგანიზაცია, სადაც პროგრამის მსმენელს შეუძლია, შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის კვალიფიკაციის მისანიჭებლად საჭირო გამოცდაზე დაშვების უფლების მოპოვების მიზნით, გაიაროს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტებული პროგრამის სასწავლო კომპონენტი.
  2. სწავლების განმახორციელებელი ორგანიზაციის სტატუსის მინიჭება ხდება აკრედიტაციის კომისიის მიერ, სწავლების განმახორციელებელი ორგანიზაციის სტატუსის მაძიებლისათვის აკრედიტებული პროგრამის სწავლების უფლების მინიჭებით.
  3. სწავლების განმახორციელებელი ორგანიზაციის სტატუსის მაძიებელი, შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის პროგრამის სასწავლო კომპონენტზე სათანადო აკრედიტაციის მოპოვების მიზნით, ვალდებულია შრომის ინსპექციაში წარადგინოს (შესაბამისი ელექტრონული პროგრამის არსებობის შემთხვევაში, ატვირთოს სათანადო ელექტრონული ფორმითა და თანმიმდევრობით):

ა) ინფორმაცია სწავლების განმახორციელებელი ორგანიზაციის საფირმო სახელწოდების, საიდენტიფიკაციო ნომრის, იურიდიული მისამართის, დირექტორის ან/და წარმომადგენლის შესახებ;

ბ) სასწავლო პროგრამა №1 და №2 ცხრილების შესაბამისად (მათ შორის,, არასავალდებულო მოდულებთან მიმართებაში სათანადო სასწავლო მასალის მითითებით);

გ) სწავლებისა და პრაქტიკის განმახორციელებელი პირების შესახებ ინფორმაცია და ამ წესით განსაზღვრული სწავლების უფლებამოსილების მინიჭებისათვის საჭირო დოკუმენტაცია;

დ) ამ წესის შესაბამისად განსაზღვრული მატერიალური რესურსის ჩამონათვალი;

ე) პროგრამის განხორციელების ზუსტი ადგილი, რომელსაც თან ერთვის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან. ასევე შრომის ინსპექციას წარუდგინოს სასწავლო ფართის შიდა აზომვითი ნახაზი (ფართის სპეციფიკაციების მითითებით), ხოლო ფართის იჯარის შემთხვევაში, აგრეთვე იჯარის ხელშეკრულება;

ვ) პროგრამის რეგისტრაციის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ზ) პრაქტიკული სწავლების განსახორციელებლად საჭირო ორგანიზაციების შესახებ ინფორმაცია, მათ შორის,, ორგანიზაციასთან დადებული ხელშეკრულება (შრომის ინსპექცია უფლებამოსილია დამატებით მოითხოვოს ორგანიზაციაში არსებული სამუშაო პროცესის ძირითადი ნაწილის ამსახველი ფოტო/ვიდეომასალა ან ამ მიზნით განახორციელოს ობიექტის შესწავლა ვიზუალური დათვალიერებით);

თ) ამ წესის №1.2 დანართის შესაბამისად სწავლების განხორციელების ადგილის აღჭურვისათვის გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებების ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (მატერიალურ რესურსზე სწავლების განმახორციელებელი ორგანიზაციის სარგებლობის/საკუთრების უფლება უნდა დასტურდებოდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით);

ი) პრაქტიკული კომპონენტების სწავლების განხორციელების გეგმა (რა სახის აქტივობების განხორციელებას გეგმავს პრაქტიკული მოდულის მიმდინარეობისას);

კ) სწავლების განხორციელების რესურსი (რამდენად აქვს საკმარისი რესურსი, რომ განხორციელდეს დაგეგმილი აქტივობები პრაქტიკის ობიექტზე).

  1. სწავლების განმახორციელებელი ორგანიზაციის სტატუსის მაძიებელი/მფლობელი ორგანიზაცია პროგრამის აკრედიტაციის მოპოვების მიზნით ვალდებულია შრომის ინსპექციას წარუდგინოს დოკუმენტაცია/ინფორმაცია მატერიალურად ან/და ატვირთოს სათანადო ელექტრონულ პროგრამაში (ინსტრუქციის შესაბამისად), ხოლო ის ინფორმაცია, რომლიც ამ წესის შესაბამისად წარდგენას არ ექვემდებარება, მიაწოდოს შრომის ინსპექციის უფლებამოსილ პირს ორგანიზაციის შემოწმების დროს.
  2. სწავლების განმახორციელებელი ორგანიზაცია ვალდებულია პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვების მიზნით შრომის ინსპექციას მიმართოს სწავლების განხორციელების კონკრეტული მისამართის შესაბამისად, იმდენი განცხადებით რამდენ მისამართზეც აპირებს სწავლების განხორციელებას და მოიპოვოს სწავლების განხორციელების უფლება თითოეულისათვის ცალ-ცალკე.

მუხლი 8. პროგრამის აკრედიტაციის განაცხადის განხილვის საფასური

  1. სწავლების განმახორციელებელი ორგანიზაციის სტატუსის მაძიებლის/მფლობელის მიერ სასწავლო კომპონენტის აკრედიტაციისთვის წარდგენილი განაცხადის განხილვის საფასური განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით.
  2. სწავლების განმახორციელებელი ორგანიზაციის სტატუსის მაძიებელს/მფლობელს, რომელსაც სურს დამატებით ორ ან მეტ მისამართზე პროგრამის განხორციელება, იხდის განაცხადის განხილვის საფასურს თითოეული მისამართისთვის ცალ-ცალკე.
  3. სწავლების განმახორციელებელი ორგანიზაციის სტატუსის მაძიებელს/მფლობელს, რომელსაც სურს ორი ან სამივე მიმართულებით პროგრამის განხორციელება, იხდის განაცხადის განხილვის საფასურს თითოეული პროგრამისთვის ცალ-ცალკე.

მუხლი 9. სწავლების განმახორციელებელი ორგანიზაციის ვალდებულებები

  1. სწავლების განმახორციელებელი ორგანიზაცია (სათანადო სტატუსის მინიჭების შემდგომ) ვალდებულია უზრუნველყოს:

ა) სასწავლო კურსზე პროგრამის მსმენელთა რეგისტრაცია;

ბ) აკრედიტირებული სათანადო პროგრამის შესაბამისად ცხრილის შედგენა;

გ) თემატური მოდულის სწავლება ამ წესის №1 და №2 ცხრილებით განსაზღვრული თემატიკის, ხოლო სურვილის შემთხვევაში №3 ცხრილით განსაზღვრული სარეკომენდაციო ლიტერატურის/ნორმატიული აქტების გათვალისწინებით;

დ) საწარმოო ობიექტზე თემატური მოდულის პრაქტიკული სწავლება შესაბამისი საქმიანობის განმახორციელებელ დაწესებულებებში.

  1. სწავლების განმახორციელებელი ორგანიზაცია ვალდებულია პროგრამაში (ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტში განსაზღვრულ ცხრილში) ნებისმიერი ცვლილების განხორციელებამდე უზრუნველყოს მისი შრომის ინსპექციასთან შეთანხმება.
  2. სწავლების განმახორციელებელ ორგანიზაციას უფლება აქვს მოახდინოს სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული თეორიული მოდულების სწავლება დისტანციური სწავლების მეთოდის გამოყენებით, იმ შემთხვევაში თუ მიუთითებს სათანადო მიზეზის არსებობის თაობაზე, ხოლო პროგრამის თეორიული მოდულების დისტანციურად განხორციელებაზე შრომის ინსპექცია აძლევს ნებართვას.
  3. სწავლების განმახორციელებელი ორგანიზაცია ვალდებულია შრომის ინსპექციას შეატყობინოს პროგრამის მსმენელების რაოდენობის ზრდის თაობაზე სასწავლო პროცესის დაწყებიდან არაუგვიანეს 3 დღისა, ხოლო შემცირების შემთხვევაში – ამგვარი ფაქტის დადგომიდან არანაკლებ 3 დღისა (შეტყობინებას უთანაბრდება შესაბამის ელექტრონულ პროგრამაში (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მსმენელთა ცვლილების თაობაზე ფაქტის რეგისტრაცია).
  4. სწავლების განმახორციელებელი ორგანიზაცია სრულად პასუხისმგებელია პროგრამის მსმენელის სწავლებასა და შესაბამისი პრაქტიკის განხორციელებაზე.
  5. სწავლების განმახორციელებელ ორგანიზაციას შესაძლებელია ჰყავდეს იმდენი სასწავლო ჯგუფი, რაც დასაშვებია მისი მატერიალურ-ტექნიკური და ადამიანური რესურსის გათვალისწინებით. თითოეულ ჯგუფში დასაშვები მსმენელების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 40 მსმენელს.
  6. პროგრამის დასრულების შემდგომ სწავლების განმახორციელებელმა ორგანიზაციამ უნდა გასცეს შესაბამისი ცნობა აკრედიტებული პროგრამის სასწავლო კომპონენტის დასრულების თაობაზე, დანართთან ერთად ან/და ატვირთოს იგი შესაბამის ელექტრონულ პროგრამაში (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

მუხლი 10. პრაქტიკის განმახორციელებელი ორგანიზაცია/პირი

  1. სწავლების განმახორციელებელ ორგანიზაციას ზოგიერთი მოდულის პრაქტიკული კომპონენტის შესრულების მიზნით ესაჭიროება პრაქტიკის განმახორციელებელი ორგანიზაცია/პირი.
  2. პრაქტიკის განმახორციელებელი ორგანიზაცია შეიძლება იყოს ორგანიზაცია, რომელსაც აქვს პარტნიორი საწარმოს/ორგანიზაციის სტატუსი.
  3. პარტნიორი საწარმო/ორგანიზაციის სტატუსი მიენიჭება ორგანიზაციას შრომის ინსპექციის აკრედიტაციის კომისიის მიერ, იმ სწავლების განმახორციელებელი ორგანიზაციისთვის სათანადო სტატუსის მინიჭების გზით, რომელმაც პროგრამის პრაქტიკული მოდულის განხორციელების მიზნით წარადგინა ეს ორგანიზაცია, როგორც პარტნიორი საწარმო/ორგანიზაცია.
  4. პროგრამის მსმენელისთვის პრაქტიკული კომპონენტის სწავლებისას დაცული უნდა იყოს მისი სიცოცხლე და ჯანმრთელობა, ხოლო მისი დაზიანების რისკი – მინიმუმამდე დაყვანილი. პრაქტიკის ობიექტზე მსმენელის უსაფრთხოდ გადაადგილებასა და სრულყოფილ სწავლებაზე, პასუხისმგებელია სწავლების განმახორციელებელი ორგანიზაცია.
  5. პრაქტიკული კომპონენტის განსახორციელებლად, სწავლების განმახორციელებელი ორგანიზაციის მიერ ობიექტები შერჩეულ უნდა იქნენ კონკრეტული მიმართულებების მიხედვით, საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორის (სეკ 006-2016) შესაბამისად, შერჩეული საქმიანობების გათვალისწინებით:

) მშენებლობის სექტორში ეკონომიკური საქმიანობებიდან:

ა.ა) საცხოვრებელი ან არასახცხოვრებელი შენობების მშენებლობასთან დაკავშირებული საქმიანობები;

ა.ბ) ხიდებისა და გვირაბების მშენებლობასთან დაკავშირებული საქმიანობები;

ა.გ) წყლის ნაგებობების მშენებლობასთან დაკავშირებული საქმიანობები;

ა.დ) შენობების დაშლასა და აღებასთან დაკავშირებული საქმიანობები.

) მძიმე მრეწველობაში ეკონომიკური საქმიანობებიდან:

ბ.ა) სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებასთან, კირქვის და თიხის კარიერების დამუშავებასთან დაკავშირებული საქმიანობები;

ბ.ბ) ქიმიკატების და ქიმიური პროდუქტების წარმოებასთან დაკავშირებული საქმიანობები;

ბ.გ) ძირითადი ფარმაცევტული პროდუქტების და ფარმაცევტული პრეპარატების წარმოებასთან დაკავშირებული საქმიანობები;

ბ.დ) ასფალტოვანი და ბიტუმოვანი ქანების მოპოვებასთან ან/და დამუშავებასთან დაკავშირებული სამუშაოები;

ბ.ე) ქვის და მინის წარმოებასთან დაკავშირებული სამუშაოები;

ბ.ვ) ძირითადი ლითონების წარმოებასთან დაკავშირებული საქმიანობები.

გ) მსუბუქ მრეწველობაში ეკონომიკური საქმიანობებიდან:

გ.ა) ტექსტილის, ტყავის და მასთან დაკავშირებული ნაწარმის წარმოებასთან დაკავშირებული საქმიანობები;

გ.ბ) ხის, კორპის ნაწარმის, ქაღალდის და ქაღალდის ნაწარმის, ავეჯის წარმოებასთან, ხე-ტყის დამზადებასთან დაკავშირებული საქმიანობები;

გ.გ) საგამომცემლო და ბეჭდური საქმიანობები;

დ) მომსახურების/სერვის სექტორში ეკონომიკური საქმიანობებიდან:

დ.ა) პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიების საქმიანობები;

დ.ბ) ტელემაუწყებლობის საქმიანობები;

დ.გ) სასტუმროებისა და რესტორნების საქმიანობები.

ე) სამედიცინო სექტორში ეკონომიკური საქმიანობებიდან:

ე.ა) საავადმყოფოების საქმიანობები.

მუხლი 11. სწავლების განმახორციელებელი ორგანიზაციის სტანდარტები

  1. სწავლების განმახორციელებელი ორგანიზაციის მატერიალური რესურსის სტანდარტი დაკმაყოფილებულია თუ ორგანიზაციას აქვს:

ა) სათანადო ინვენტარით აღჭურვილი სასწავლო ფართი, რომელიც არ უნდა იყოს ერთ მსმენელზე 2მ2 – ზე ნაკლები;

ბ) სასწავლო პროცესისათვის შესაფერისი გარემო, მათ შორის, ელექტროენერგიის მიწოდების უწყვეტი სისტემა, ბუნებრივი განათების შესაძლებლობა და გათბობის საშუალებები, მოწესრიგებული სველი წერტილები;

გ) უზრუნველყოფილი პერსონალის (მათ შორის, სწავლების განმახორციელებელი პირის) და მსმენელთა უსაფრთხოება, შესაბამისი ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების სისტემა, თვალსაჩინო ადგილას გამოკრული ევაკუაციის გეგმა, პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის საშუალება;

დ) ადაპტირებული გარემო სპეციალური საჭიროებების მქონე მსმენელებისთვის/სწავლების განმახორციელებელი პირებისთვის;

ე) ადგილი, სადაც განთავსებული იქნება სწავლებისათვის გამოყენებული ლიტერატურა და სადაც მსმენელს ექნება მისი გაცნობის შესაძლებლობა.

  1. სწავლების განმახორციელებელი ორგანიზაციის ადამიანური რესურსის სტანდარტი დაკმაყოფილებულია, თუ ორგანიზაციას ჰყავს თითოეული მოდულისთვის სწავლების განმახორციელებელი პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ ბრძანებით დადგენილ მოთხოვნებს.
  2. ადამიანური რესურსის სტანდარტის მიზნებისთვის სწავლების განმახორციელებელი ერთი პირის მიერ რამდენიმე სწავლების განმახორციელებელ ორგანიზაციაში სწავლებისას გამოიყენება საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსის“ შესაბამისად შეთავსებით სამუშაოზე მუშაობის წესები.

თავი IV

აკრედიტაციის კომისია

მუხლი 12. პროგრამისთვის აკრედიტაციის მინიჭების წესი

  1. ამ ბრძანების მიზნებიდან გამომდინარე, ორგანიზაციას ენიჭება აკრედიტებული პროგრამის სასწავლო კომპონენტის განხორციელების უფლება, აკრედიტაციის კომისიის მიერ.
  2. პროგრამის სასწავლო კომპონენტისთვის აკრედიტაციის მინიჭება ხდება სტატუსის მაძიებლის მიერ სათანადო განაცხადის დარეგისტრირებიდან არაუგვიანეს 60 კალენდარული დღისა აკრედიტაციის კომისიის გადაწყვეტილებით, რომელიც შესაძლებელია ერთჯერადად გაგრძელდეს იმავე ვადით აკრედიტაციის კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით.
  3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად დადგენილი ვადის დინება ჩერდება პროგრამის სასწავლო კომპონენტის აკრედიტაციის ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში, ხარვეზის გამოსწორების ვადით.
  4. სწავლების განმახორციელებელი ორგანიზაციის სწავლების უფლებამოსილების მინიჭების/პროგრამის სასწავლო კომპონენტისათვის აკრედიტაციის მინიჭების ან/და უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება, ასევე საგამოცდო ცენტის შერჩევის გადაწყვეტილება მიიღება აკრედიტაციის კომისიის მიერ, კოლეგიური წესით.
  5. სწავლების განმახორციელებელი ორგანიზაციის სწავლების უფლებამოსილების მინიჭების/პროგრამის სასწავლო კომპონენტისათვის აკრედიტაციის მინიჭების ან/და უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი განაცხადის განხილვის საფუძველზე ზეპირი მოსმენით ან ზეპირი მოსმენის გარეშე.

მუხლი 13. აკრედიტაციის კომისია

  1. აკრედიტაციის კომისია განისაზღვრება შემდეგი შემადგენლობით:

) კომისიის თავმჯდომარე – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, რომელიც უშუალოდ ზედამხედველობს (კურატორობას უწევს) შრომის ინსპექციას;

) კომისიის თავმჯდომარის მოადგილე – შრომის ინსპექციის ხელმძღვანელი;

გ) კომისიის წევრები – კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მიღების მიზნით:

გ.ა) ეთხოვოს საქართველოს პარლამენტს – არაუმეტეს ორი პირის გამოყოფა;

გ.ბ) ეთხოვოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს – ერთი პირი;

გ.გ) სამინისტრომ განსაზღვროს ერთი პირი;

გ.დ) შრომის ინსპექციის ხელმძღვანელმა განსაზღვროს სამი პირი;

გ.ე) ეთხოვოს სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის დასაქმებულთა და დამსაქმებელთა გაერთიანებების ყველა წევრს, რომ წარმოადგინონ თითო-თითო წარმომადგენელი;

დ) კომისიის სამდივნო – შრომის ინსპექციის ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული პირ(ებ)ი ან/და შესაბამისი სამსახური.

  1. სხდომას უძღვება კომისიის თავმჯდომარე, მისი არყოფნის შემთხვევაში – მოადგილე, ხოლო კომისიის თავმჯდომარისა და მოადგილის არყოფნის შემთხვევაში – დამსწრეთა უმრავლესობით განსაზღვრული კომისიის წევრი.
  2. კომისიის სამდივნოს წევრის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში მის ფუნქციებს სხდომის თავმჯდომარის დავალებით ასრულებს კომისიის ერთ-ერთი წევრი.
  3. აკრედიტაციის კომისიის სხდომა უფლებამოსილია გადაწყვეტილების მისაღებად, თუ მას ესწრება მისი შემადგენლობის უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ 6 წევრისა.
  4. აკრედიტაციის კომისიის წევრთა ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.
  5. აკრედიტაციის კომისია გადაწყვეტილებას იღებს დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით.
  6. ამ წესის მიზნებიდან გამომდინარე, აკრედიტაციის კომისია უფლებამოსილია იმსჯელოს:

ა) პროგრამისთვის სათანადო აკრედიტაციის მინიჭების საკითხზე;

ბ) აკრედიტებული პროგრამის შეჩერების/შეწყვეტის საკითხზე;

გ) საგამოცდო ცენტრის შერჩევის საკითხზე.

მუხლი 14. აკრედიტაციის კომისიის სამდივნო

  1. ამ ბრძანების მიზნებიდან გამომდინარე, შრომის ინსპექციის ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული პირი/სამსახური ასრულებს აკრედიტაციის კომისიის სამდივნოს ფუნქციას.
  2. აკრედიტაციის კომისიის სამდივნო, კომისიის სხდომის დანიშვნამდე, პირველ ეტაპზე, ახდენს სწავლების განმახორციელებელი ორგანიზაციის სტატუსის მაძიებლების/მფლობელის მიერ წარმოდგენილი განცხადებების მიღებას, განხილვასა და ამ წესით დადგენილი ფორმალური მოთხოვნების შემოწმებას.
  3. ფორმალური მოთხოვნების შემოწმების შემდგომ, აკრედიტაციის კომისიის სამდივნო უფლებამოსილია აკრედიტაციის მინიჭების საფუძვლების სრულყოფილად შემოწმების მიზნით, მოახდინოს ორგანიზაციის ადგილზე შემოწმება, სწავლების განმახორციელებელი ორგანიზაციის სტატუსის მაძიებელის/მფლობელის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის ან/და სხვა ისეთი გარემოებების შესწავლის მიზნით, რომლის განსაზღვრაც დისტანციურად შეუძლებელია.
  4. აკრედიტაციის კომისიის სამდივნო ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად შემოწმების შედეგების თაობაზე ადგენს ამ წესის №1.4 დანართის შესაბამისად განსაზღვრულ შემოწმების აქტს.
  5. აკრედიტაციის კომისიის სამდივნო აკრედიტაციის მინიჭების თაობაზე განაცხადს წარუდგენს აკრედიტაციის კომისიას იმ შემთხვევაში თუ მიიჩნევს, რომ იგი აკმაყოფილებს ამ წესის მოთხოვნებს.
  6. იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი განაცხადი, მატერიალურ ტექნიკური ბაზა და სხვა ამ წესით განსაზღვრული საკითხი არ შეესაბამება ამ წესის მე-7, მე-8, მე-10 და მე-11 მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს, განაცხადი განსახილველად არ გადაეცემა კომისიას და განმცხადებელს ხარვეზის აღმოფხვისათვის განესაზღვრება ვადა, არაუმეტეს 30 კალდენდალური დღისა.
  7. ამ მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში შემოტანილი განაცხადი დარჩება განუხილველი.
  8. აკრედიტაციის კომისიის სამდივნო ასევე უფლებამოსილია:

ა) საჭიროების შემთხვევაში შრომის ინსპექციის ხელმძღვანელის წინაშე დააყენოს მოთხოვნა ექსპერტის მოწვევიას ან ექსპერტთა ჯგუფის შექმნის თაობაზე. ექსპერტის მოწვევა ან ექსპერტთა ჯგუფის შექმნა შესაძლებელია შრომის ინსპექციის ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ – სამართლებრივი აქტის საფუძველზე;

ბ) მოახდინოს სწავლების განმახორციელებელი ორგანიზაციების და სერტიფიცირებული პირების აღრიცხვა და რეგისტრაცია სათანადო ბაზაში;

გ) მოახდინოს აკრედიტებული სწავლების განმახორციელებელი ორგანიზაციის/პროგრამების შესახებ ინფორმაციის საჯაროდ განთავსება.

მუხლი 15. აკრედიტაციის კომისიის სხდომის ოქმი და გადაწყვეტილება

  1. აკრედიტაციის კომისიის ოქმი ფორმდება კომისიის სხდომის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, კომისიის ოქმს ხელს აწერს აკდრედიტაციის სხდომის თავმჯდომარე, კომისიის წევრები, რომლებიც ესწრებოდნენ სხდომას და კომისიის სხდომის მდივანი.
  2. აკრედიტაციის კომისია განიხილავს პროგრამისთვის აკრედიტაციის მინიჭების საკითხს და მიიღებს ერთ-ერთ შემდგომ გადაწყვეტილებას:

ა) პროგრამის სასწავლო კომპონენტის აკრედიტაციის მინიჭების შესახებ;

ბ) პროგრამის სასწავლო კომპონენტის აკრედიტაციის მინიჭების პროცედურებში ხარვეზის დადგენისა და ხარვეზის აღმოსაფხვრელად სათანადო ვადის დადგენის შესახებ;

გ) პროგრამის სასწავლო კომპონენტის აკრედიტაციის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ.

  1. იმ შემთხვევაში, თუ კომისიის მიერ მიღებულ იქნება პროგრამის სასწავლო კომპონენტის აკრედიტაციის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება, სწავლების განმახორციელებელი ორგანიზაციის სტატუსის მაძიებელს მიეცემა შესაძლებლობა უარის თქმის საფუძვლის აღმოფხვრის შემდეგ, უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან არაუგვიანეს 1 თვისა, ხელმეორედ მიმართოს აკრედიტაციის კომისიას წერილობითი შუამდგომლობით და აცნობოს უარის თქმის საფუძვლის აღმოფხვრის თაობაზე. ვადის გასვლის შემდგომ გაკეთებული განაცხადი, განხილული იქნება ახალი განაცხადის განხილვისათვის დადგენილი წესის შესაბამისად.
  2. აკრედიტაციის კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე ორგანიზაციას მიენიჭება პროგრამის სასწავლო კომპონენტის აკრედიტაცია შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის საფუძველზე, რომელსაც ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე.

 

მუხლი 16. პროგარამის აკრედიტაციის ვადა  და მისი გაგრძელების წესი

  1. აკრედიტირებულ პროგრამაზე (თითოეულ მიმართლებაზე) სწავლების განხორციელების უფლება გაიცემა 3 წლის ვადით.
  2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისი ვადის გასვლა ავტომატურად იწვევს პროგრამის სასწავლო კომპონენტზე აკრედიტაციის გაუქმებას.
  3. პროგრამის აკრედიტაციის გაგრძელება შესაძლებელია ყოველ მე-3 წელს, სათანადო განცხადების წარმოდგენის საფუძველზე.
  4. აკრედიტაციის გაგრძელების შესახებ განცხადებას თან უნდა დაერთოს სწავლების განმახორციელებელი ორგანიზაციის მიერ ბოლო სამი წლის განმავლობაში განხორციელებული კურსების ჩამონათვალი და წარმოდგენილი უნდა იყოს იმავე წესით, რაც დადგენილია პირველადი აკრედიტაციის გაცემისათვის.
  5. იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ სწავლების განმახორციელებელი ორგანიზაციის მიერ არ განხორციელებულა არსებითი ცვლილებები სასწავლო პროცესთან, მატერიალურ რესურსთან და სწავლების განმახორციელებელ პირებთან მიმართებაში, სწავლების განმახორციელებელი ორგანიზაციის სტატუსის გაგრძელების თაობაზე განცხადების განხილვა ან/და აკრედიტაციის გაგრძელების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება შესაძლებელია განხორციელდეს კომისიის მიერ, სწავლების განმახორციელებელი ორგანიზაციის დასწრების გარეშე.

თავი V

სწავლების განმახორციელებელი პირი

მუხლი 17. მოთხოვნები სწავლების განმახორციელებელი პირის მიმართ

  1. სწავლების განმახორციელებელი შეიძლება იყოს უმაღლესი განათლების მქონე პირი, რომელსაც საგამოცდო ცენტრში ჩაბარებული აქვს შესაბამისი მოდულ(ებ)ის სწავლებისათვის დადგენილი საკვალიფიკაციო გამოცდა.
  2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი გამოცდის ჩაბარების ვალდებულება არ აქვს პირს, რომელიც ახორციელებს შემდეგი მოდულების სწავლებას:

ა) ტრენინგებისა და ინსტრუქტაჟების ჩატარების მეთოდები და მიმართულებები;

ბ) სპეციალური და განსაკუთრებული საჭიროებების მქონე დასაქმებულთათვის უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნა;

გ) პირველადი სამედიცინო დახმარება.

  1. იმისთვის რომ ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული მოდულების სწავლების მსურველმა, პირმა (ან ორგანიზაციამ, თუ განაცხადი გაკეთებულია ორგანიზაციის მიერ) მოიპოვოს სწავლების განმახორციელებელი პირის კვალიფიკაცია, შრომის ინსპექციას უნდა წარუდგინოს:

ა) მოდულის „ტრენინგებისა და ინსტრუქტაჟების ჩატარების მეთოდები და მიმართულებები“ სწავლების შემთხვევაში – ტრენერთა ტრენინგის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი ან/და ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლების ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება;

ბ) მოდულის „სპეციალური და განსაკუთრებული საჭიროებების მქონე დასაქმებულთათვის უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნა“ სწავლების შემთხვევაში – სპეციალური და განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებთან დაკავშირებულ საკითხებზე სწავლების ან სპეციალური და განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობის და სწავლების (ნებისმიერი მიმართულებით) არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება;

გ) მოდულის „პირველადი სამედიცინო დახმარება“ სწავლების შემთხვევაში – პირველადი/გადაუდებელი მედიცინის საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სერტიფიკატი ან გადაუდებელი სამედიცინო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სერტიფიკატი (გავლილი უნდა ჰქონდეს პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ აკრედიტებული გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ან/და სასწრაფო სამედიცინო დახმარების სპეციალიზებული კურსი) და სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ აკრედიტებული პირველადი/გადაუდებელი სამედიცინო დახმარების კურსის სწავლების გამოცდილება ან სამედიცინო მიმართულებით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაში ან პროფესიულ პროგრამაზე პირველადი/გადაუდებელი დახმარების სწავლების 1 წლიანი გამოცდილება.

  1. ამ მუხლის მე-3 პუნქტში განსაზღვრული პირების მიერ შრომის ინსპექციისთვის წარდგენილი განაცხადის განხილვის საფუძველზე, თუ წარდგენილი დოკუმენტაცია აკმაყოფილებს ამ წესით განსაზღვრულ მოთხოვნებს, შრომის ინსპექცია მიიღებს გადაწყვეტილებას პირისათვის „ტრენინგებისა და ინსტრუქტაჟების ჩატარების მეთოდები და მიმართულებების“, „სპეციალური და განსაკუთრებული საჭიროებების მქონე დასაქმებულთათვის უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნის“ ან/და ,,პირველადი სამედიცინო დახმარების“ მოდულის სწავლების განმახორციელებელი პირის კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე.
  2. გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მოდულებისა, სხვა შემთხვევაში სწავლების მსურველ პირს საკვალიფიკაციო გამოცდაზე გასვლის უფლება ენიჭება იმ შემთხვევაში, თუ შრომის ინსპექციას განცხადებასთან ერთად წარუდგენს ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთს:

ა) ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლების ერთწლიანი სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელ დოკუმენტს;

ბ) სწავლების ორწლიანი გამოცდილების დამადასტურებელ დოკუმენტს.

  1. ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული წესი არ ვრცელდება შრომის ჰიგიენისა და ელექტრო და სახანძრო უსაფრთხოების მოდულის სწავლებაზე. ამ მოდულებზე სწავლების მსურველ პირს საკვალიფიკაციო გამოცდაზე გასვლის უფლება ენიჭება იმ შემთხვევაში, თუ იგი აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) შრომის ჰიგიენის მოდულის სწავლების შემთხვევაში – აქვს სწავლების ერთწლიანი გამოცდილება და შესაბამისი დიპლომი შრომის ჰიგიენის მიმართულებით ან უმაღლესი სამედიცინო განათლება;

ბ) ელექტრო და სახანძრო უსაფრთხოების მოდულის სწავლების შემთხვევაში – აქვს სწავლების ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება და შესაბამისი დიპლომი ელექტრო ან/და სახანძრო უსაფრთხოების დარგში.

მუხლი 18. სწავლების მსურველი პირის სერტიფიცირება

  1. სწავლების მსურველი პირი სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული ცოდნისა და უნარების დადასტურებას ახდენს საგამოცდო ცენტრში (გარდა ამ წესის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირებისა) საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების გზით. სწავლების მსურველი პირი საკვალიფიკაციო გამოცდას აბარებს იმ მოდულ(ებ)ში, რომელშიც მას სურს სწავლების განხორციელება.
  2. გამოცდის ჩასაბარებლად საჭირო დოკუმენტაცია წარდგენილ უნდა იყოს თავად სწავლების მსურველი პირის ან/და სწავლების განმახორციელებელი ორგანიზაციის მიერ.
  3. სწავლების მსურველი პირი საკვალიფიკაციო გამოცდას აბარებს ამ წესის №1 და №2 ცხრილებით განსაზღვრული მოდულების შესაბამისად. სწავლების განმახორციელებელი პირის სტატუსის მოპოვება ხდება თითოეული მოდულისთვის ცალ-ცალკე და საკვალიფიკაციო გამოცდას აბარებს დანართით განსაზღვრული თემატიკის შესაბამისად.
  4. იმ შემთხვევაში, თუ სწავლების მსურველ პირს სურს ერთზე მეტი მოდულის სწავლება, ასეთ შემთვევაში დამატებით უნდა ჩააბაროს საკვალიფიკაციო გამოცდა ყველა იმ მოდულში, რომლის სწავლებასაც იგი აპირებს.
  5. სწავლების მსურველ პირს უფლება აქვს გავიდეს საკვალიფიკაციო გამოცდაზე 1 თვის განმავლობაში არაუმეტეს ორჯერ. გამოცდის ზედიზედ ორჯერ ვერ ჩაბარების შემთხვევაში, მას გამოცდაზე ხელახლა გასვლის უფლება შეიძლება მიენიჭოს ბოლო გამოცდის შედეგების გაცნობიდან 30 კალენდარული დღის გასვლის შემდგომ.
  6. გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდგომ სწავლების მსურველ პირზე გაიცემა ცნობა, შრომის უსაფრთხოების აკრედიტებული პროგრამის შესაბამისი მოდულის სწავლების განმახორციელებელი პირის კვალიდიკაციის მინიჭების თაობაზე. ცნობაში მიეთითება მოდულ(ებ)ი, რომლის სწავლების უფლებაც გააჩნია პირს.
  7. სწავლების განხორციელების უფლება პირს მიენიჭება 3 წლის ვადით. ვადის გასვლის შემდეგ საჭიროა გამოცდის იმავე წესით ხელმეორედ ჩაბარება.

თავი VI

აკრედიტებული პროგრამის მსმენელი და მისი სერტიფიცირება

მუხლი 19. პროგრამის მსმენელი

  1. შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის კვალიფიკაციის მოპოვების მიზნით, აკრედიტებული პროგრამის მსმენელი შესაძლებელია იყოს პირი, რომელიც გადის:

ა) სრულ აკრედიტებულ პროგრამას;

ბ) აკრედიტებულ პროგრამას დაბალი და საშუალო რისკის ობიექტებზე;

გ) აკრედიტებულ სპეციალურ პროგრამას.

  1. პირს პროგრამის მსმენელის სტატუსი ენიჭება სწავლების განმახორციელებელ ორგანიზაციაში სათანადო დოკუმენტაციის სრულად წარდგენის და სწავლების განმახორციელებელი ორგანიზაციის მიერ პირის კურსზე რეგისტრაციის შემდგომ, ვიდრე იგი არ დაასრულებს აკრედიტებული პროგრამის სასწავლო კომპონენტს სრულად.

 

მუხლი 20. სერტიფიცირება

  1. პროგრამის მსმენელი სერტიფიკატის მიღების მიზნით, სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული ცოდნისა და უნარის დადასტურებას ახდენს საგამოცდო ცენტრში სასერტიფიკატო გამოცდის ჩაბარების გზით.
  2. სასერტიფიკატო გამოცდის წარმატებით დამთავრების შემდგომ მსმენელი მიიღებს სერტიფიკატს და მიენიჭება „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის კვალიფიკაცია (შესაბამისი მიმართულების მითითებით).
  3. სერტიფიკატი ძალაშია მისი გაცემიდან 3 წლის ვადით. ამ ვადის გასვლის შემდეგ პირი თავისუფლდება პროგრამის გავლის ვალდებულებისაგან და საჭიროებს მხოლოდ გამოცდის ჩაბარებას იმავე წესით, რაც დადგენილია პირველადი გამოცდისათვის.
  4. სერტიფიკატის მიღების შემდგომ, პირი უფლებამოსილია, შესაბამისი მიმართულებით, განახორციელოს საქმიანობა შრომის უსაფრთხოების დაცვის სფეროში.

თავი VII

მონიტორინგი აკრედიტირებული პროგრამის პირობებზე

მუხლი 21. აკრედიტებული პროგრამის მონიტორინგი

  1. ამ წესის მიზნებიდან გამომდინარე, პროგრამაზე აკრედიტაციის გაცემის წინაპირობაა, პროგრამის განხორციელების პროცესზე მონიტორინგის განხორციელება.
  2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებიდან გამომდინარე, შრომის ინსპექცია უფლებამოსილია გეგმურად ან სათანადო განცხადების საფუძველზე, შეამოწმოს აკრედიტირებული ორგანიზაცია, რათა დაადგინოს აკრედიტებული პროგრამის განხორციელების ეტაპზე არის თუ არა დაცული, პროგრამის აკრედიტაციისათვის ამ წესით განსაზღვრული მოთხოვნები.
  3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად მონიტორინგის განხორციელებისას, შრომის ინსპექცია უფლებამოსილია შეამოწმოს სასწავლო სივრცისა და ორგანიზაციის სასწავლო პროცესის მიმდინარეობა და ამ მიზნით გამოითხოვოს ყველა საჭირო ინფორმაცია და დოკუმენტი.
  4. იმ შემთხვევაში, თუ აკრედიტებული პროგრამის განხორციელებისას სწავლების განმახორციელებელ ორგანიზაციაში/საგამოცდო ცენტრში შრომის ინსპექციის უფლებამოსილი პირის მიერ გამოვლენილ იქნა ამ წესის მოთხოვნების დარღვევა, სწავლების განმახორციელებელ ორგანიზაციას/საგამოცდო ცენტრს მიეცემა რეკომენდაცია გამოვლენილი დარღვევის გამოსწორების თაობაზე.
  5. განმეორებითი მონიტორინგისას, თუ შრომის ინსპექციის უფლებამოსილი პირის მიერ, კვლავ დაფიქსირდა ამ წესით განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევა, მას უფლება აქვს დასაბუთებული შუამდგომლობით მიმართოს აკრედიტაციის კომისიას, სწავლების განმახორციელებელი ორგანიზაციისთვის/საგამოცდო ცენტრისთვის სტატუსისა და პროგრამის აკრედიტაციის შეჩერების თაობაზე.
  6. ამ მუხლის მე-5 პუქნტით განსაზღვრული შუამდგომლობა მომზადდება აკრედიტაციის კომისიის სამდივნოს მიერ და წარედგინება აკრედიტაციის კომისიას განსახილველად.

 

მუხლი 22. აკრედიტებული პროგრამის შეჩერება/შეწყვეტა

  1. ამ წესის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, შრომის ინსპექციის შუამდგომლობის საფუძველზე, აკრედიტაციის კომისიას უფლება აქვს მოახდინოს საქმის განხილვა ზეპირი მოსმენით ან მის გარეშე.
  2. თუ საქმის განხილვისას დადგინდება, რომ სწავლების განმახორციელებელმა ორგანიზაციამ/საგამოცდო ცენტრმა უხეშად დაარღვია ამ წესით განსაზღვრული მოთხოვნები, აკრედიტაციის კომისია მოახდენს აკრედიტებული ორგანიზაციის/საგამოცდო ცენტრის გაფრთხილებას ან/და შეუჩერებს პროგრამის აკრედიტაციას, რის თაობაზეც გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.
  3. იმ შემთხვევაში, თუ სწავლების განმახორციელებელი ორგანიზაციის/საგამოცდო ცენტრის მიერ დაუყოვნებლივ არ მოხდა გაფრთხილების/აკრედიტაციის შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრა, აკრედიტაციის კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება პროგრამისთვის აკრედიტაციის, ხოლო საგამოცდო ცენტრის შემთხვევაში – აკრედიტებული ორგანიზაციის სტატუსის შეწყვეტის თაობაზე.
  4. სწავლების განმახორციელებელი ორგანიზაცია, პროგრამის აკრედიტაციის შეჩერების შემთხვევაში, უფლებამოსილია დაუყოვნებლივ აღმოფხვრას შეჩერების საფუძველი არაუგვიანეს შეჩერების გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 1 თვის ვადაში და აღადგონოს პროგრამის განხორციელება, წინააღმდეგ შემთხვევაში (1 თვის ვადის გასვლის შემდეგ) იგი ვალდებულია საკუთარი ხარჯით უზრუნველყოს აკრედიტებული პროგრამის მსმენელისთვის სათანადო მომსახურების მიწოდება, სხვა სწავლების განხორციელების უფლების მქონე ორგანიზაციის მეშვეობით (როგორც თეორიული ასევე პრაქტიკული ნაწილის სწავლების კუთხით).
  5. იმ შემთხვევაში, თუ სწავლების განმახორციელებელ ორგანიზაციას აკრედიტაციის კომისია შეუწყვეტს პროგრამის აკრედიტაციას, სწავლების განმახორციელებელი ორგანიზაცია ვალდებულია საკუთარი ხარჯით უზრუნველყოს აკრედიტებული პროგრამის მსმენელისთვის სათანადო მომსახურების მიწოდება, სხვა სწავლების განხორციელების უფლების მქონე ორგანიზაციის მეშვეობით (როგორც თეორიული ასევე პრაქტიკული ნაწილის სწავლების კუთხით).

თავი VIII

საგამოცდო ცენტრი

მუხლი 23. საგამოცდო ცენტრი

  1. სწავლების განამხორციელებელ პირთა საკვალიფიკაციო გამოცდისა და პროგრამის მსმენელთა სასერტიფიკატო გამოცდის ჩატარებას უზრუნველყოფს შრომის ინსპექცია ან/და მის მიერ კომისიური წესით (აკრედიტაციის კომისიის მიერ), ღია კონკურსის საფუძველზე შერჩეული, საგამოცდო ცენტრი. კონკურსის საფუძველზე შერჩეულ საგამოცდო ცენტრს არ შეიძლება ჰქონდეს იმავდროულად სწავლების განმახორციელებელი ორგანიზაციის სტატუსი.
  2. ღია კონკურსის წესით შესარჩევი საგამოცდო ცენტრი არის აკრედიტებული ორგანიზაცია, რომლის მიმართ მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტით, რის საფუძველზედაც უნდა მოხდეს საკონკურსო შეთავაზების შემუშავება.
  3. საგამოცდო ცენტრის შერჩევის ორგანიზებას უზრუნველყოფს შრომის ინსპექცია.
  4. კონკურსის საფუძველზე შერჩეული საგამოცდო ცენტრი არის აკრედიტირებული ორგანიზაცია, რომელიც უზრუნველყოფს ჩატარებული საკვალიფიკაციო/სასერტიფიკატო გამოცდის ვიდეოჩაწერას და, მოთხოვნის შემთხვევაში, შრომის ინსპექციისთვის მიწოდებას.
  5. საგამოცდო ცენტრის მიერ ჩატარებული საკვალიფიკაციო/სასერტიფიკატო გამოცდის ვიდეოჩანაწერის შენახვა ხორციელდება სამი თვის ვადით.

მუხლი 24. სასერტიფიკატო/საკვალიფიკაციო გამოცდის თავისებურებანი

  1. საგამოცდო ცენტრი მის საქმიანობას ახორციელებს შემდეგი მიმართულებებით:

ა) პირისთვის შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის კვალიფიკაციის მინიჭების ან/და დადასტურების მიზნით;

ბ) სწავლების განმახორციელებელი პირის კვალიფიკაციის მინიჭების მიზნით.

  1. პირს, რომელმაც გაიარა ამ ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად აკრედიტებული პროგრამა, უფლება აქვს გამოცდა ჩააბაროს პროგრამის დასრულებისთანავე.
  2. პირს, რომელიც ამ წესის ძალაში შესვლამდე უკვე იყო შრომის უსაფრთხოების აკრედიტებული სპეციალისტი (მინიჭებული ჰქონდა აკრედიტებული პროგრამის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი), უფლება აქვს ჩააბაროს სასერტიფიკატო გამოცდა, მიუხედავად ამ წესით განსაზღვრული საკვალიფიკაციო მოთხოვნისა.
  3. შრომის ინსპექციის ხელმძღვანელის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტით დგინდება სასერტიფიკატო/საკვალიფიკაციო გამოცდის ხანგრძლივობა, ხოლო საჭიროების შემთხვევაში განისაზღვრება კითხვების (ტესტების) შემუშავებისა ან/და დამტკიცების პროცედურები.

მუხლი 25. სასერტიფიკატო გამოცდაზე დაშვების წინაპირობები

  1. შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის სასერტიფიკატო გამოცდა არის აკრედიტებული პროგრამის განუყოფელი ნაწილი, რომლის ჩაბარების უფლება აქვს უმაღლესი ან/და პროფესიული განათლება მქონე პირს, რომელსაც ამ ბრძანებით დადგენილი წესით:

ა) გავლილი აქვს აკრედიტებული სპეციალური პროგრამა – სპეციალური პროგრამის მიმართულებით;

ბ) გავლილი აქვს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მომზადების აკრედიტებული სრული პროგრამა – სრული პროგრამის მიმართულებით;

გ) გავლილი აქვს აკრედიტებული პროგრამა დაბალი და საშუალო რისკის ობიექტებზე – დაბალი და საშუალო რისკის ობიექტებისთვის დადგენილი პროგრამის მიმართულებით;

დ) პირს, რომელსაც გააჩნია შრომის უსაფრთხოების დაცვასთან დაკავშირებულ სფეროში სამწლიანი სამუშაო გამოცდილება –სრული პროგრამის ან დაბალი და საშუალო რისკის ობიექტებისთვის დადგენილი პროგრამის მიმართულებით;

ე) პირს, რომელიც ფლობდა შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის სერტიფიკატს, მაგრამ გაუვიდა 3 წლიანი ვადა – სრული პროგრამის, სპეციალური პროგრამის ან დაბალი და საშუალო რისკის ობიექტებისთვის დადგენილი პროგრამის მიმართულებით;

ვ) პირს, რომელიც 2019 წლის 10 დეკემბრამდე იყო შრომის უსაფრთხოების საერთაშორისო სერტიფიკატის მფლობელი პირი და გავიდა 3-წლიანი პერიოდი – სპეციალური პროგრამის მიმართულებით.

  1. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირებისათვის, საგამოცდო საკითხების შემუშავება განხორციელდება ამ წესის №1 და №2 ცხრილით განსაზღვრული თემატიკის გათვალისწინებით:

ა) სრული აკრედიტებული პროგრამის მიმართულებით;

ბ) დაბალი და საშუალო რისკის ობიექტებისთვის დადგენილი პროგრამის მიმართულებით;

გ) სპეციალური პროგრამის მიმართულებით.

  1. პირი, რომელიც ამ წესის შესაბამისად გათავისუფლებულია აკრედიტებული პროგრამის სასწავლო კომპონეტის გავლისაგან, უფლებამოსილია ჩააბაროს სასერტიფიკატო გამოცდა სრული აკრედიტებული პროგრამის მიმართულებით.

მუხლი 26. სასერიფიკატო გამოცდაზე რეგისტრაციის წინაპირობები

  1. პირის სასერტიფიკატო გამოცდაზე რეგისტრაცია ხორციელდება ამ წესით დადგენილი ყველა დოკუმენტის შრომის ინსპექციაში ან/და საგამოცდო ცენტრში წარდგენის შემდეგ.
  2. საგამოცდო ცენტრში/შრომის ინსპექციაში სასერტიფიკატო გამოცდაზე, პროგრამის მსმენელის რეგისტრაციის მიზნით, წარდგენილი უნდა იქნეს:

ა) სწავლების განმახორციელებელი ორგანიზაციის მიერ გაცემული სასწავლო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ) შრომის უსაფრთხოების მიმართულებით 3-წლიანი გამოცდილების მქონე პირების შემთხვევაში – სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი ცნობა;

გ) სპეციალური პროგრამის გავლის შემთხვევაში საერთაშორისო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტი (უცხოენოვანი სერტიფიკატის შემთხვევაში ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი).

  1. პირმა გამოცდაზე რეგისტრაციის მიზნით ასევე უნდა წარმოადგინოს:

ა) შევსებული სარეგისტრაციო ფორმა (რომელსაც მიაწვდის საგამოცდო ცენტრი);

ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

გ) გამოცდაზე გასვლის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

  1. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად სარეგისტრაციო დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდგომ, შრომის ინსპექციის მიერ შემოწმდება დოკუმენტაცია და მიიღება გადაწყვეტილება პირის გამოცდაზე დაშვების ან გამოცდაზე დაშვებაზე უარის თქმის თაობაზე, რის შესახებაც ეცნობება გამოცდაზე გასვლის მსურველ პირს.
  2. ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად დადებითი გადაწყვეტილების მიღებისას პირს ასევე ეცნობება გამოცდის ჩატარების დროისა და ადგილის თაობაზე.
  3. პირის სასერტიფიკატო გამოცდაში მონაწილეობის საფასური განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით.

მუხლი 27. სასერიფიკატო გამოცდის ჩატარების წესი

  1. გამოცდა ტარდება ელექტრონული სისტემის საშუალებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
  2. გამოცდა ტარდება წერილობით ან ელექტრონული ფორმით, სადაც შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს შემდეგი ტიპის კითხვები:

ა) დახურული ტესტები (კითხვა რამდენიმე სავარაუდო პასუხით);

ბ) კაზუსი (მოცემული შემთხვევა, რომელიც ეხება შრომის კანონმდებლობის საკითხებს);

გ) სიტუაციური ანალიზი (სურათი ან შემთხვევის აღწერა, რომელსაც აფასებს გამოსაცდელი პირი).

  1. გამოსაცდელმა პირმა ტესტებში უნდა მონიშნოს ერთი ან რამდენიმე სწორი პასუხი, რისთვისაც ის მიიღებს სათანადო ქულას ან ჩაწეროს კონკრეტული მოცულობის ტექსტი (ტექსტის მოცულობა უმეტესწილად არ აღემატება მისთვის გათვალისწინებული გამოტოვებული ადგილის მოცულობას).
  2. სასერტიფიკატო გამოცდა ჩაბარებულად ითვლება ტესტების საერთო რაოდენობის 61%-იანი ბარიერის გადალახვის შემთხვევაში.
  3. პროგრამის მსმენელის მიერ გამოცდაზე არადამაკმაყოფილებელი შედეგის მიღების შემთხვევაში, სასერტიფიკატო გამოცდაზე განმეორებით გასვლა შესაძლებელია 14 კალენდარული დღის შემდეგ (გამოცდაზე გასვლის საფასურის გადახდის გარეშე). სასერტიფიკატო გამოცდაზე ზედიზედ სამჯერ არადამაკმაყოფილებელი შედეგის მიღების შემთხვევაში პირი ვალდებულია, განმეორებით გაიაროს ამ წესით დადგენილი აკრედიტებული პროგრამა და შემდგომ ჩააბაროს გამოცდა.
  4. გამოცდის შედეგები ინდივიდუალურად ეცნობება ყველა კანდიდატს ან გამოქვეყნდება საჯაროდ, საგამოცდო ცენტრის მიერ შრომის ინსპექციის ვებგვერდის მეშვეობით (პერსონალური ინფორმაციის დაცვით).
  5. გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში საგამოცდო ცენტრის მიერ გაიცემა სერთტფიკატი, რომელიც ადასტურებს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მიერ აკრედიტებული პროგრამის გავლის შედეგად შეძენილ ცოდნას, უნარებსა და ტექნიკურ ჩვევებს.
  6. გამოცდის შედეგების შესახებ სტატისტუკური ინფორმაცია შესაძლებელია განთავსდეს ასევე შრომის ინსპექციის ოფიციალურ ვებგვერდზე.

მუხლი 28.  საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესი და პირობები

  1. სწავლების განმახორციელებელი პირის კვალიფიკაციის მინიჭების მიზნით საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების უფლება აქვს უმაღლესი განათლების მქონე პირს, რომელიც აკმაყოფილებს ამ წესის მოთხოვნებს და სურვილი აქვს ამ ბრძანებით დადგენილი წესით განახორციელოს რომელიმე მოდულის სწავლება, სწავლების განმახორციელებელ ორგანიზაციაში.
  2. პირი, რომელსაც სურვილი აქვს დარეგისტრირდეს საკვალიფიკაციო გამოცდაზე უნდა წარმოადგინოს იგივე დოკუმენტაცია, რაც დადგენილია სასერტიფიკატო გამოცდაზე რეგისტრაციისათვის.
  3. პირის საკვალიფიკაციო გამოცდაში მონაწილეობის საფასური განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით.
  4. საკვალიფიკაციო გამოცდა ტარდება იგივე წესით, რაც დადგენილია სასერტიფიკატო გამოცდისათვის.
  5. საკვალიფიკაციო გამოცდა ჩაბარებულად ითვლება 71%-იანი ბარიერის გადალახვის შემთხვევაში.
  6. საკვალიფიკაციო გამოცდის შედეგები ელექტრონული სისტემის მეშვეობით ან/და მაკონტროლებელი ორგანოს სათანადო შეტყობინების გზით, ინდივიდუალურად, ეცნობება ყველა კანდიდატს.
  7. საკვალიფიკაციო გამოცდის შედეგების შესახებ სტატისტიკური ინფორმაცია განთავსდება მაკონტროლებელი ორგანოს ვებგვერდზე.

მუხლი 29.  საკვალიფიკაციო/სასერტიფიკატო გამოცდის შედეგის გასაჩივრების წესი

  1. პირი უფლებამოსილია გამოცდის შედეგების გაცნობიდან არაუგვიანეს 10 დღისა, გაასაჩივროს გამოცდის შედეგები.
  2. გამოცდის შედეგების გასაჩივრება ხდება შრომის ინსპექციაში შესაბამისი საჩივრის შეტანის გზით, ხოლო შემდეგ – სასამართლოში.
  3. საჩივრის განხილვის მიზნით, შრომის ინსპექცია საგამოცდო ცენტრიდან გამოითხოვს გამოცდის დოკუმენტაციას გასაჩივრებულ ნაწილში და მოახდენს მის ხელახალ შესწავლას (ასევე შესაძლებელია კონკრეტული საკითხის გარკვევის ან/და კონკრეტული ქულის მინიჭების საკითხის გარკვევის მიზნით, განმცხადებლის მოწვევა და საკითხის დაზუსტება ზეპირი გასაუბრების საფუძველზე).
  4. შრომის ინსპექცია საჩივრის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საჩივრის შეტანიდან 1 თვის ვადაში, რომელიც ეცნობება განმცხადებელს კანონით დადგენილი წესით.

მუხლი 30. საგამოცდო ცენტრის მიერ შრომის ინსპექციისთვის ინფორმაციის მიწოდება

  1. შრომის ინსპექციისთვის სერტიფიცირებულ პირთა შესახებ, ინფორმაციის მიწოდება ხორციელდება საგამოცდო ცენტრის მიერ ელექტრონული ფორმით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან/და მატერიალური სახით.
  2. საგამოცდო ცენტრი სერტიფიცირებულ პირთა შესახებ შრომის ინსპექციას აწვდის შემდეგი სახის ინფორმაციას:

ა) სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ფაქტობრივი მისამართი;

ბ) გაცემული სერტიფიკატის ასლი ან/და შესაბამისი სერტიფიკატის ნომერი;

გ) საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი; ელ. ფოსტა).

თავი IX

სერტიფიკატი, სერტიფიკატის დანართი

მუხლი 31.  სერტიფიკატის მონაცემები

  1. სასერტიფიკატო გამოცდის ჩაბარების საფუძველზე საგამოცდო ცენტრის მიერ გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი.
  2. სასერტიფიკატო გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში გაცემული სერტიფიკატი შედგება სერტიფიკატისა და სწავლების განმახორციელებელი ორგანიზაციის მიერ გაცემული სერტიფიკატის დანართისგან.
  3. სერტიფიკატი არის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი, რომელიც უნდა შეიცავდეს დამცავ ნიშნებს – ზედაპირი დაფარული უნდა იყოს დამცავი (გილოშერული) ბადით და ულტრაიისფერი სხივების ქვეშ სერტიფიკატის სახიან მხარეზე დასმული სერტიფიკატის სერიისა და ინდივიდუალური ნომრის გამოსახულება უნდა გამოსცემდეს ლუმინესცენციას.
  4. სერტიფიკატის ფორმაზე პოლიგრაფიული წესით აღნიშნული უნდა იყოს დამამზადებელი პოლიგრაფიული საწარმოს და დამკვეთის სახელწოდება ინიციალებით, სერტიფიკატის სერია (ლათინური ასოებით) და ექვსნიშნა ინდივიდუალური ნომერი.
  5. სერტიფიკატი შედგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე, ასევე ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, რომელიმე უცხოურ ენაზე/ენებზე (სერტიფიკატის სხვადასხვა ენაზე შედგენის მიუხედავად, გამოიყენება ხელმოწერაზე პასუხისმგებელი პირის ავთენტიკური ხელმოწერა).
  6. სერტიფიკატზე უნდა მიეთითოს:

ა) საგამოცდო ცენტრის სრული სახელწოდება (სამართლებრივი ფორმის მითითებით);

ბ) წარწერა „სერტიფიკატი“;

გ) სერტიფიკატის სერია და ინდივიდუალური ნომერი;

დ) სერტიფიცირებული პირის სახელი, გვარი;

ე) საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელის სახელი და გვარი (სრულად), ხელმოწერა;

ვ) ადგილი, სადაც გაიცა სერტიფიკატი;

ზ) სერტიფიკატის გაცემის თარიღი (რიცხვი, თვე, წელი), მოქმედების ვადა;

თ) საგამოცდო ცენტრის ბეჭედი;

ი) სწავლების განმახორციელებელი ორგანიზაციის დასახელება (სამართლებრივი ფორმა, სახელი, საიდენტიფიკაციო კოდი);

კ) მითითება სერტიფიკატის ტიპის შესახებ (სრული პროგრამა, სპეციალური პროგრამა, დაბალი და საშუალო რისკის ობიექტებზე).

  1. სერტიფიკატი ამ მუხლით დადგენილი მონაცემების გარდა შესაძლებელია შეიცავდეს სხვა ინფორმაციას/რეკვიზიტს/მონაცემს, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.

მუხლი 32.  სერტიფიკატის დუბლიკატი

  1. სერტიფიკატის დუბლიკატის (შემდგომში – დუბლიკატი) გაიცემა ხდება, თუ სერტიფიკატი არის ხარვეზიანი, აღარ არსებობს, გახდა გამოსაყენებლად უვარგისი, პირმა, რომელზეც გაიცა სერტიფიკატი, შეიცვალა სახელი ან/და გვარი ან სხვა საფუძვლით.
  2. დუბლიკატის გაცემაზე უფლებამოსილია სერტიფიკატის დუბლიკატის გაცემის დროს ამ წესით განსაზღვრული სერტიფიკატის გაცემაზე უფლებამოსილი პირი.
  3. დუბლიკატის შედგენისას ივსება შესაბამისი სერტიფიკატის ფორმა, რომელსაც დაესმება შტამპი “აღნიშვნით „დუბლიკატი. შტამპი „დუბლიკატი“ დაისმება როგორც ქართულ, ასევე იმ უცხო ენაზე, რომელზეც ივსება ცენტრის მიერ დამტკიცებული შესაბამისი სერტიფიკატი.
  4. თუ კონკრეტული საქმის გარემოებების გათვალისწინებით არ დგინდება სერტიფიკატის ფორმისათვის განსაზღვრული სავალდებულო მონაცემების შესაბამისი სრული ინფორმაცია, დუბლიკატის გაცემაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია, დუბლიკატში ასახოს მხოლოდ ის ინფორმაცია, რომლის დადასტურებაც შესაძლებელია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 33.  სერტიფიკატის დანართი

სერტიფიცრებული პირის მიმართ ქართულ ენაზე გაცემული დანართის რეკვიზიტებია:

ა) სერტიფიცირებული პირის შესახებ ინფორმაცია:

ა.ა) გვარი;

ა.ბ) სახელი;

ა.გ) დაბადების თარიღი: (დღე/თვე/წელი);

ა.დ) პირადი ნომერი;

ა.ე) მინიჭებული კვალიფიკაცია;

ა.ვ) სწავლების განმახორციელებელი ორგანიზაციის სახელწოდება (სამართლებრივი ფორმა, საიდენტიფიკაციო კოდი); ა.ზ) პროგრამის ოფიციალური ხანგრძლივობა (გავლილი თეორიული და პრაქტიკული სწავლება);

ა.თ) სწავლის შედეგები სერტიფიცირებული პირის მიერ მიღწეული კომპეტენციის შესახებ;

ა.ი) ინფორმაცია საწარმოო ობიექტზე პრაქტიკის განმახორციელებელი ორგანიზაციის შესახებ, საწარმოო პრაქტიკის დღიური პრაქტიკის განმახორციელებელი ორგანიზაციიდან შესაბამისი დამოწმებით (საწარმოო პრაქტიკის დღიურის ფორმა განისაზღვრება ამ წესის №1.3 დანართით);

ა.კ) პროგრამის დეტალები – შესწავლილი მოდულები, თითოეული მოდულის გავლისას მიღებული შეფასება;

ა.ლ) დანართის დამოწმება:

ა.მ) თარიღი;

ა.ნ) ხელმოწერა/ხელმოწერები;

ა.ო) თანამდებობა;

ა.პ) ოფიციალური შტამპი ან ბეჭედი.